პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივას, რომელიც ორ დეპუტატს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას აძლევს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
პარტია „მოქალაქეების“ წევრების, ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ორ დეპუტატს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას აძლევს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს.
„ეს არის პოლიტიკური ჯგუფების შესახებ დათქმა რეგლამენტში. ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ოთხკაციან ჯგუფს ენიჭება პოლიტიკური ჯგუფის სტატუსი და შესაბამისად ის უფლებამოსილება, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში არის პოლიტიკური ჯგუფი, თუ მის უკან დგას პოლიტიკური პარტია და ის გამოხატავს კონკრეტული მოქალაქეების მოსაზრებას. შესაბამისად, პარლამენტში გარდა იმ ოთხკაციანი პოლიტიკური ჯგუფისა, ვინც უკვე დარეგისტრირდა, არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და რომლის უკანაც დგას კონკრეტული ამომრჩეველი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ოთხკაციანი იყოს დაყვანილი ორ კაცამდე და შესაბამისად, ჩვენც და პარტია „გირჩსაც“ უნდა მიეცეს საშუალება, ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური ჯგუფი. შესაბამისად, ვითხოვთ დაჩქარებული წესით ამის განხილვას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.