„მოქალაქეები“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
პარტია „მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
როგორც ჟურნალისტებს „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კონსულტაციები გაიმართა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ის, ასევე ალეკო ელისაშვილი კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.
„ამ შემთხვევაში, კომისიის შექმნა ერთი კონკრეტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი და ინტერესია. არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს შემოტანილი პარლამენტში და ამაზე იყოს აწყობილი მომავალი სამი, თუ ექვსი თვის საპარლამენტო საქმიანობა. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, მათი პოზიცია გასაგებია, რადგან ცდილობენ, ოჯახის წევრი საპატიმროდან დაიხსნან, იქ ყოფნა შეუმსუბუქონ, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პოლიტიკური მღელვარება მოჰყვეს. არ მგონია, იმ აქციებს, რომელსაც ოჯახი აანონსებს, შეუერთდეს იმ რაოდენობის ადამიანი, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიონ. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რომ ქუჩის აქციებით გამოიწვიონ პოლიტიკური ცვლილებები“, – განაცხადა იოსელიანმა.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმ შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ, თუ საქართველოში მკურნალობის საჭირო სერვისი ვერ მიეწოდება.
„მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, დიაგნოზის დადგენაზეც, მკურნალობაზეც. შესაბამისად, მათ უნდა დაადგინონ, აქვს თუ არა კონკრეტული ტიპის დაავადების მკურნალობის საშუალება სააკაშვილს საქართველოში“, – დასძინა იოსელიანმა.