პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი ეხებოდა მედიატორების ჩართულობას მოლაპარაკების პროცესზე.
„ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს „ლელოს“ პოზიციაზე, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ დიპლომატს კიდევ ერთხელ დაუადასტურეს მზაობა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტიდან სამ პუნქტს, რომელიც საერთო ოპოზიციური ფლანგისთვის მისაღები იყო. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვადამდელ არჩევნებზე და ამ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე“,- აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონი დაინტერესებულია საქართველოში კრიზისის დასრულებით.
„რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბატონი დანიელსონის მედიაციით, ჩვენ სამ პუნქტს დავეთანხმეთ და ეს ცნობილი არის ჩვენი ევროპელი მეგობრებისათვის. ვიოლა ფონ კრამონი ყოველთვის ინტერესდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმაზე, რაც ხდება. ის ძალიან დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ფონ კრამონთან შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს მოლაპარაკება და კრიზისის გადაჭრა, რადგან მისივე თქმით, უკვე მერამდენე შემთხვევა, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებას.
„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს უშინაარსო მოლაპარაკებები უნდა დამთავრდეს; ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება არ უნდა, სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება უშინაარსო ეწოდოს პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით ბატონი დანიელსონის მიერ წარმართულ მოლაპარაკებას“,- განაცხადა ხაზარაძემ.