პარტია „გირჩმა“ დედაენის ბაღში აქცია „მხოლოდ ევროპისთვის“ გამართა.
ორგანიზატორების განცხადებით, ეს აქცია არ ეწინააღმდეგება არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს. მათი თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან ევროპის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.
„ვინაიდან ჩვენგან დამოუკიდებლად ამ თემასთან დაკავშირებით მრავალაქციანობა დაიშვა, გადავწყვიტეთ, ჩვენს ამომრჩეველს, ადამიანებს, რომლებიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შემოგვიერთდნენ და არ ვიცნობთ, დავლაპარაკებოდით. საუბრის საფუძველი გვქონდა, თუ რა არის ევროპა, რადგან რასაც ვუყურებთ ჩვენ გარშემო, ყველას სხვანაირად ესმის. გვინდა, რაღაცნაირად დაველაპარაკოთ ადამიანებს, ჩვენ როგორ ვუყურებთ ევროპის იდეას, რა არის ევროპული ღირებულებები და რა არის ის მოგონილი ღირებულებები, რასაც ევროპის სახელით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანი თავს გვახვევს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.