პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რამდენიმე წევრმა დატოვა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რამდენიმე წევრმა დატოვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რამდენიმე წევრმა დატოვა. მათ მიზეზად პარტიის ლიდერების მხრიდან კომუნიკაციის არარსებობა და კუთვნილი თანხის მიუღებლობა დაასახელეს.

„ვინც მიგვიყვანა გახარიას პარტიაში, ვთხოვდი, რომ დაერიცხა ჩემი კუთვნილი თანხა. მოხდა ისე, რომ არ ჩაგვერიცხა თანხა. ვურეკავდი ნომრებზე, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ვრეკავდით, მაგრამ არავისგან არანაირი პასუხი არ გვქონდა. იძულებული გავხდით, წამოვსულიყავით პარტიიდან“, – განაცხადა ნათია კუპრავამ.

ამასთან, პარტიის უკვე ყოფილი წევრის, ერეკლე დოლიძის განცხადებით, გახარიას პარტიამ მოლოდინები ვერ გაამართლა.

„ვტოვებ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულმა პარტიამ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები. საპარლამენტო სიაში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგური, ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე იყო მივლინებული დეპუტატად და ვერ განახორციელა ქალაქისთვის ვერცერთი სასარგებლო პროექტი. ასევე, რამდენიმე დღის უკან ჩამოსული იყო გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ განახორციელებდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტს. ეს არის სრული სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეჩერდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანი“, – განაცხადა ერეკლე დოლიძემ.

ამავდროულად, დღეს რუსთავში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი დატოვა პაპუნა პაპავამ.

„რუსთავში მე ვტოვებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს, რადგან მათი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპირებები ამ ეტაპზე მიმაჩნია არარეალურად. კერძოდ, დაპირებები პენსიასთან დაკავშირებით, რომ გაზრდა მოხდება 1 000 ლარამდე, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეთა ხელფასის 1000-ლარიანი დაპირება. ვფიქრობ, ეს დაპირება არ არის გულწრფელი. რაც შეეხება მგზავრობასთან დაკავშირებით, სტუდენტების მიმართ, მიმაჩნია, რომ უფასო მგზავრობა და საერთოდ ადამიანებისთვის რაიმე უფასოს დაპირება არის სოციალისტური გადმონაშთი“, – აცხადებს რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი პაპუნა პაპავა, რომელიც ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს.