პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში აქცია - „დავაბრუნოთ პარლამენტი ქუთაისში“ გამართა
„დავაბრუნოთ პარლამენტი ქუთაისში“, – ამ სახელწოდებით ელექტრონული მუსიკით გაფორმებული აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორის, „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. კახიძის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის, რათა მომავალმა თაობამ ქალაქში ნახოს განვითარების გზა და საკუთარი მომავალი ქუთაისს დაუკავშიროს.
„ქუთაისს რვა წელი მოჰპარა ივანიშვილმა, წაართვა პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი. ქუთაისს თავისი ისტორიული ფუნქცია, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და ჩვენ შევთავაზეთ ახალგაზრდებს პოლიტიკური აქცია, კანონმდებლობის ფარგლებში, ყველა რეგულაციის დაცვით და თან გართობის საშუალებაც. ჩვენ მოვიწვიეთ ისინი აქციაზე, რომ ვუთხრათ, აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და თავიანთი ბედის განსაზღვრაში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
აქცია მუსიკალურად დიჯეებმა, გიო დალაქიშვილმა და გიო კახიძემ გააფორმეს.