პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს
პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვიწროპარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის იყენებს.
„პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნე პრაქტიკას, როცა ის იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მისი ვიწროპარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი დაკავებული იყოს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულების სწრაფი გამოძიებით, რისი მომსწრენიც გავხდით ახლო წარსულში, ის დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვით საარჩევნო პროცესში. ამას მოწმობს თუნდაც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად კონცელიძის დასახელება აჭარაში, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის. აჭარაში უკვე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კონცენტრირება საარჩევნო პროცესის ირგვლივ, ამიტომ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, რადგან ის თავს ვერ ართმევს თავის ფუნქციას, რომ უზრუნველყოს დანაშაულის პრევენცია და დანაშაულის სწრაფი გახსნა, დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზებას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი შეფასებით, ეს დამანგრეველია სახელმწიფოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული პროცესისთვის.
„მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი წარმომადგენელი მკაცრად გავაფრთხილო, რომ ასეთი შემთხვევები, როდესაც პოლიცია იქნება ჩართული საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მკაცრი რეაგირების საგანი გახდება და „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.