პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის მომხრეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ
სომხეთში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მომხრეები შეიკრიბნენ.
ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
სამართლადამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაცია და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.
შეგახსნებთ, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
გავრცელებული ვერსიით, წარუკიანის კომპანიებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, თავად პარტიის ლიდერი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.