პართენონის ტაძრის სკულპტურებთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერის განცხადების გამო, რიში სუნაკმა მასთან შეხვედრა გააუქმა
პართენონის ტაძრის სკულპტურებზე უთანხოების გამო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბერძენ კოლეგასთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრა გააუქმა.
შეხვედრამდე საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთმა პართენონის ტაძრის მარმარილოს სკულპტურები უნდა დააბრუნოს, რადგან ზოგიერთი არტეფაქტის ლონდონში და დანარჩენის ათენში ყოფნა მონა ლიზას შუაზე გაჭრას ჰგავს.
ამასთან, როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედგაცრუებულია, რომ შეხვედრა დანიშნულ დრომდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.
„მათ, ვისაც მტკიცედ სჯერა თავისი პოზიციების სისწორისა და სამართლიანობის, არასოდეს ყოყმანობს კონსტრუქციულ არგუმენტაციასა და დებატებში ჩართვაზე. საბერძნეთსა და ბრიტანეთს დიდი ხნის მეგობრული კავშირები აქვთ და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სფერო ფართოა. პართენონის სკულპტურების საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ცნობილია. ამ საკითხზე მე ველოდებოდი დისკუსიას ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან, ასევე მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების განხილვას, როგორებიცაა ღაზისა და უკრაინის სიტუაციები, კლიმატის კრიზისი და მიგრაცია“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.
ბრიტანეთის მთავრობამ შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედრა შესთავაზა ვიცე-პრემიერ ოლივერ დაუდენთან, თუმცა ამ შეხვედრაზე მიცოტაკისმა უარი განაცხადა.
ბრიტანელმა ჯარისკაცმა და დიპლომატმა, ლორდმა ელგინმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ათენის პართენონის ტაძრიდან სკულპტურები წაიღო. ქანდაკებები 1816 წელს იყიდა ბრიტანეთის მთავრობამ და ბრიტანეთის მუზეუმში მოათავსა.