პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტთან უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას გამართავს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველ და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას გამართავს.
ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ინფორმაციით, აქცია ფართომასშტაბიანი იქნება. ამასთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მოქალაქეებს გაერთიანებისა და საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეკრება იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო სოლიდარულია მოძმე ერისა და არასდროს გადაუხვევს დასავლურ კურსს.
„გავერთიანდეთ ყველა, ვინც ევროინტეგრაციის და უკრაინის სოლიდარობის მომხრეა. ახლა სწორედ ის დროა, როცა საზოგადოება ისეთი ერთიანი უნდა იყოს, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რას საქმიანობთ, ან რა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ. შევქმნათ ეროვნული თანხმობა და ერთობა, ვინც ასე ფიქრობს. კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ მეგობარ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა. ერთად ვუთხრათ უარი რუსულ აგრესიას და დავანახოთ დასავლეთს, რომ ევროინტეგრაცია ერის არჩევანია, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ქმედება, სიტყვა ერთსულოვანი და ევროპული ღირებულებების სწრაფვისკენაა მიმართული, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ერთად დავგმოთ: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, დიქტატურა, ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმი. მოდით პარლამენტის შენობასთან სამშაბათს, 29 მარტს, 16:00 საათზე. ერთად დავხაზოთ ევროპულ რუკაზე საქართველოს გზა და დავანახოთ მსოფლიოს, რომ არსებობს საკითხები, რომლის ირგვლივაც ქართველებს ისევე შეუძლიათ გაერთიანება, როგორი ერთიანებიც რუსეთთან ბრძოლაში ახლა უკრაინელები არიან, მიუხედავად მათი იდეოლოგიური, თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სამძიმარს უცხადებს უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსული აგრესია მალე დასრულდება.