უცხოეთიდან უგამოცდო მობილობის მოთხოვნით სტუდენტები პარლამენტთან აქციას მართავენ
სტუდენტებმა, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში მობილობის გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, აქციით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, განათლების სამინისტროსთან კარვების გაშლამ შედეგი არ გამოიღო და გადაწყვიტეს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან გაშალონ კარვები.
თავდაპირველად მათ რუსთაველის გამზირის მხრიდან სცადეს კარვის გაშლა, თუმცა სტუდენტები პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ ისინი ფეხით სასიარულო გზას კეტავდნენ და ამის უფლება არ ქონდათ. ამის შემდეგ მათ პარლამენტის უკანა მხარეს გადაინაცვლეს და ჩიტაძის ქუჩის მიმდებარე სკვერში სცადეს კარვების დადგმა.
თუმცა ამის საშუალება არც ამჯერად მისცეს სამართალდამცველებმა. საბოლოო ჯამში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სტუდენტებს კარვები ჩამოართვეს. აქციის მონაწილეები კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ღამეს მაინც გაათევენ რადგან სხვა გზა არ აქვთ.
საქართველოს მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც კიევის, ერევნის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებში 2019 წელს ჩაირიცხნენ, საქართველოს უნივერსიტეტში მობილობით გამოსვლა უგამოცდოდ სურთ.
ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტებს გამოცდის ჩანაცვლებაც შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს.
„აღნიშნულ პირებთან შედგა სამინისტროში შეხვედრები იანვარში. მათ შეხვდა მინისტრის მოადგილე ნინი მიცკევიჩიც. საგულისხმოა, რომ ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ვინც მოიპოვებდა სწავლის უფლებას უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, უნარების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. მათ მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება, ანუ დაადასტურეს იქაური კანონმდებლობა და ჩაირიცხნენ. ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაკმაყოფილებული. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ოთხი საგნის ჩაბარება. ამ პირებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და უნდათ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლა, უწევთ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება“, – აცხადებს ეკა რურუა.