მოძრაობა „შეინარჩუნე სიცოცხლემ“ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ არსებულ მწვანე ღობეზე წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ფოტოები გააკრეს, შემდეგ კი წითელი საღებავით სიმბოლურად ხელის ანაბეჭდები გააკეთეს.
აქციის მონაწილე სოსო რობაქიძე ამბობს, რომ ადამიანებს, რომელთა ფოტოებიც გამოაკრეს, არ აქვთ ხალხის მოტყუების უფლება.
„დღეს აქ იყო აქცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია მოვიდნენ. ისინი ჩემთვის ერთნი არიან. მათ 20 ივნისის ფოტოები გააკრეს. გასაგებია და ვიზიარებთ ამ ამბებს, გული გვტკივა. ხალხი, რომელმაც ასობით ადამიანი დახოცა ნამდვილი ტყვიებით და პასუხისმგებლობაც არ აიღო, გამოდის დღეს და ძალადობაზე, დიქტატურაზე საუბრობს. თითქოს თვითონ იყვნენ მშვიდობის მტრედები. ამ ხალხს არ აქვს უფლება, მოატყუოს ხალხი, რომ არიან დემოკრატები. მიშაც ეგრე მოვიდა და ხელებაწეული შევიდა პარლამენტში, მერე გადაუარეს პარლამენტში ყველაფერს.
ესენი არიან კრიმინალები და მკვლელები, არც ერთი მათი მინისტრი არ არის პოლიტპატიმარი. მე არ მინდოდა ამის გაკეთება და კონტრაქციებს არ ვემხრობი, მაგრამ როგორც დავიწყე 2004 წლიდან, ბოლომდე გავყვები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოკერიას პარტიას. მე უკვე დავიწყე და დავამთავრებთ ისე, როგორც დავამთავრეთ 2012 წელს. მთელ საქართველოს და ევროპას გავაგებინებთ, რომ კრიმინალების მოსვლა ხელისუფლებაში მეორედ არ შეიძლება“, – აცხადებს სოსო რობაქიძე.