პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას მართავენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ამ წუთებში, რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მანდატის მოპოვების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ჩარკვიანი ასევე თხოვნით მიმართავს კოლეგებს, მიიღონ ერთსულოვანი გადაწყვეტილება და უარი თქვან საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.
„არ შეიძლება პარლამენტში შესვლა, მე დღეს თამამი ვარ, რატომ? ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებელს“, რამდენიმე ადამიანს უკვე გვაქვს მანდატი იმისა, რომ შეგვიძლია პარლამენტში შესვლა. ამიტომ უფრო თამამად გეტყვით, მრცხვენია, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ, მაგრამ მინდა, ასევე ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ითხოვეს კონსულტაციისთვის ერთი დღე, გთხოვოთ, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები, ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. არ შევდივართ? ესეიგი, არ შევდივართ. და თუ აღმოჩნდება ის ერთი, თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, რადგან დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საშიშროების ქვეშაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა თავისუფალი არჩევნებია. მისივე თქმით, მომავალ კვირას პოლიტიკური ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბურ აქციას გეგმავენ.
„ქართული ოცნება“ ყველა წითელ ხაზს გადავიდა, ამიტომ სლოგანი – ერთად ერთის წინააღმდეგ აქტუალურია, როგორც არასდროს. მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს, მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს და თავისუფალი არჩევნებით მოვიგებთ. ერთი კვირის თავზე, სამ საათზე ჩვენ, პოლიტიკური ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას. ჩვენ უნდა ვანახოთ ძალა, რადგან თაღლითს მხოლოდ ძალა ესმის. ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.