რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან წავა და ამას გააკეთებს ხალხი, რომელიც დღეს პარლამენტთან დგას.
„ხომ ნახეთ დღეს მისი უტიფარი სახე, მე გაგახსენებთ 2015 წელს, ყველას გვახსოვს, როდესაც 31 დეკემბერს ტელევზიაში ჩვენ მოგვივიდა მისი მისალოცი ბარათები, რომლებიც 10 დღით ადრე დააბეჭდინა, გამოგზავნა და ის უკვე აღარ იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც ჩვენამდე მოვიდა მისალოცი ბარათები. ზუსტად ასეთი სახით ლაპარაკობდა მაშინაც და ის გადადგა. მე გაგახსენებთ მომდევნო პრემერ-მინისტრის განცხადებას, ასევე მედგარი სახით, როგორც დღეს ღარიბაშვილი ლაპარაკობდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, მაგრამ გადადგა მეორე დღეს, 24 საათში. მე გაგახსენებთ მესამე პრემიერს, რომელიც ამბობდა, რომ ყველას დაასრულებდა, ვინც მას არ მოსწონს, გადადგა…ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან, უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას“, – განაცხადა ვახო სანაიამ სიტყვით გამოსვლის დროს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
პარლამენტთან საპროტესტო აქციას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ „მოამბის“ ეთერში.