პარლამენტთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე ე.წ. ლინოლეუმის შეტანა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ლინონიუმის ტერიტორიაზე შეტანა მოახერხეს.
როგორც აქციის მობაწილეებმა განაცხადეს, ე.წ. ლინოლეუმი მათ კარავში გასაშლელად ესაჭიროებოდათ.
საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის 14 კარავია გაშლილი. აქტივისტების თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.
აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც აქტივისტები ამბობენ, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნები.