პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან მდებარე „დროებით კედელზე“ წარწერების გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პატრულის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სურდათ, საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა დაეხატათ, თუმცა აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთმა მომიტინგემ სტიკერების გაკვრა უშუალოდ პარლამენტის შენობის ფანჯარაზე სცადა. აღნიშნულის გამო, სამართალდამცველებმა რუსკა მჭედლიძე და ნიკოლოზ ნარსია დააკავეს.

„გვინდოდა გაგვეკეთებინა დროებით კედელზე წარწერები და საბჭოთა სიმბოლიკები გაგვეკრა, რადგან ეს არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და ამ პროტესტის გამო დაკავებულია რუსკა მჭედლიძე და ნიკოლოზ ნარსია. მხოლოდ ორი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. პროტესტს რა თქმა უნდა ვაგრძელებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა აქციაზე პირები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.