პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. აქციის მონაწილე პარლამენტის უკან განთავსებულ ჯებირზე საღებავით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე საპროტესტო აქციას „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მუყაოს ყუთი მიიტანეს, რომელზეც პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების ფოტოები და გამონათქვამებია დატანილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების რუსულ კურსს აპროტესტებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.