პარლამენტთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანის“ წევრები აქციას მართავენ
საქართველოს პარლამენტთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანის“ წევრები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტარების გამოსახულებით ბანერი მიიტანეს. მათი თქმით, „საქართველოს პარლამენტის წევრებს რამდენიმე ხარისხის მედალს გადასცემენ“.
„გადავწყვიტეთ, მოგვეტანა გავრილოვიჩის რამდენიმე ხარისხის მედალი იმ მონებისთვის, რომლებმაც გავრილოვს ტაში დაუკრეს და გაიმეორეს იგივე სიტყვები, რომ ნიკა მელია უნდა დაისაჯოს. ნიკა მელიას ჰქონდა ლეგიტიმური პროტესტი იმის გამო, რომ ხელისუფლებამ რუსი ოკუპანტების დეპუტატი დაგვასვა თავზე“, – განაცხადა ლაშა ელიაძემ.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანის“ წევრებიის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის მოძალადე და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. მათი განცხადებით, საჭიროა 8 მარტის შეთანხმების შესრულება და პოლიტპატიმრების გამოშვება, მათ შორის გიორგი რურუას.