პარლამენტთან დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების აქტივისტები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან
თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების აქტივისტები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ,,ნაციონალური მოძრაობის ” აქტივისტების ნაწილი ქუთაისის სპორტის სასახლესთან შეიკრიბა. მათი თქმით, თბილისში აქციაზე დასასწრებად ქუთაისიდან 200-მდე ადამიანი უკვე მოემართება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღირსეულ პასუხს გასცემენ, რადგან მან ქართველი ხალხი მოატყუა.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 100-მდე წევრი და მხარდამჭერი დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ფოთიდან გამოემგზავრა.
როგორც ამბობენ, უერთდებიან გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს და მათ დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს შევიკრიბეთ ფოთშიც, რამდენიმე ლოკაციაზე. სამარშუტო ტაქსებით მივემგზავრებით დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე. ყველა მათგანი გმობს ,,ქართული ოცნების” ქმედებებს. ვართ ხალხის გვერდით. ჩვენი სურვილია, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ“, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხომერიკმა.
თბილისში დაგეგმილ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოდანაც უერთდებიან. ისინი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში შეიკრიბნენ და თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებით და მსუბუქი ავტომობილებით გამოემგზავრნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ უერთდებიან რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანების მოთხოვნებს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.
თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები კახეთიდანაც მოემართებიან. ისინი სოფელ ჩალაუბანში შეიკრიბნენ და დედაქალაქისკენ ცოტა ხნის წინ გამოემგზავრნენ.
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.
უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს.
აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.