პარლამენტთან აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა, პროტესტის ზოგიერთი მონაწილე კი ადგილზე აპირებს დარჩენას
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები დასრულდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ტოვებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილი კი ადგილზე დარჩენას გეგმავს. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს მოუწოდეს, ხვალ, 12:00 საათზე შეიკრიბონ საკანონმდებლო ორგანოსთან და გააგრძელონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი.
დღევანდელ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს მიმართეს დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ, თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.
აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება. დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, ასევე, ორი სამართალდამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.