პარლამენტთან აქციის დროს ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა სცადა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს
პარლამენტის შენობის უკან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს და დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილსაც.