თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე „ყველა ერთისთვის“ აქციის მონაწილესა და მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა.
მოქალაქემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე აქცია გააპროტესტა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და გაუპატიურებაში ბრალდებულებს ერთნაირი სასჯელი აქვთ, რაც უსამართლობაა.
„ხელებს ნუ მიშლით და წესიერად მელაპარაკეთ“, – მიმართა მოქალაქემ მამაკაცს. „ძალიან კარგია, დაე ილაპარაკონ, გამოავლინონ საკუთარი თავი“,- დასძინა მოქალაქემ, რომელმაც პატრულის თანამშრომლის თხოვნის შემდეგ ტერიტორია დატოვა.
„ასეთი ხალხია ზუსტად, ვინც ხელი შეუშალა პროცესებს. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ პროცესები უნდა დაჩქარდეს, საპატრიარქოში გამოჩნდნენ ის ძალები, რომლებმაც ეს პროცესი შეაჩერეს და მათ ამაზე პასუხი უნდა აგონ“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.