პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შეკრებილებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიის შემოღობვა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების შეფასებით, ხელისუფლებას აქციების ეშინია და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების მიზანი სწორედ საკანონმდებლო ორგანოს წინ პროტესტის შეჩერებაა.
მოქალაქეებთან ერთად პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
„პატარა ვიყავი, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა, გივი გუმბარიძემ ზუსტად აქ, პარლამენტის წინ სივრცე შემოღობა. ვულოცავ, რომ კალაძე გუმბარიძის შემდეგ თბილისის ისტორიაში მეორე ადამიანად ჩაიწერება, რომელმაც საპროტესტო აქციების შემდეგ ღობე პარლამენტის შენობას, რუსთაველის მხარეს შემოარტყა. კალაძე ოპოზიციას ეხმარება და ოპოზიციის მოსყიდულია, რადგან თუ აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 ათასი კაცი უნდოდა, ახლა სამი ათასი დასჭირდება. მადლობა კალაძეს, რომ დაგვეხმარა საპროტესტო აქციის უფრო ცოტა ხალხით ორგანიზებაში. სერიოზულად თუ ვიტყვით, ხალხის და აქციების ეშინიათ, მაგრამ ჩვენ ასეთი სისულელეები უფრო გვაბრაზებს და ფორმაში უფრო მოვყავართ. უფრო გაშმაგებით ვიბრძოლებთ, რომ ამ ქვეყანაში წესიერი არჩევნები ჩატარდეს. კალაძის და ვიღაც მსუბუქ თავიანების სისულელეები ვერაფერში შეგვაფერხებს. მაგალითად, დღეს საპროტესტო აქციის გამართვას საერთოდ არ ვაპირებდით და ამ თავისი ყეყეჩობით ქუჩაში გამოგვიყვანეს”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აქციაზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც და აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელდება.
„უკვე თითქმის 800 დღე-ღამეა, აქ ვარ და უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს ვაცხადებ. ამით ვერაფერს დამიშლიან. სადაც იქნება ჩემთვის ადგილი, ბანერსაც გავშლი და კარავსაც დავდგამ. შეშინებული, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს ადამიანები ამ ვითარებაში არიან. ეს კედელი შექმნილია, რათა მაჩალიკაშვილს და მის მომხრე ადამიანებს პროტესტი არ ჰქონდეთ. იციან, რომ მათი საქმე წასულია, მაგრამ იმედის ნაპერწკალს იტოვებენ, იქნებ, პროტესტი შევამციროთ და რამენაირად გადავრჩეთ. ამერიკაც და ევროპაც მიხვდა, რომ ამათი საქმე წასულია. ჩემი პროტესტი და ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, ვისგანაც სამართალს ვითხოვ. ჩემი გამჩერებელი კაციშვილი არ არის“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.