პარლამენტში წინასაარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების განთავსების პრევენციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შპს „ალმას“ საკანონმდებლო წინადადების იდეას, რომლის თანახმად „საარჩევნო კოდექსში“ ან/და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეზღუდავს/აკრძალავს თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი და სხვა პირებისა და პირთა ჯგუფებისადმი შეურაცხმყოფელი რეკლამის განთავსებას.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, რომ, თუ რა ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდება, ამას კომიტეტი განსაზღვრავს.
„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც, ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტის შემუშავების პროცესში.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად: „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს მას ბიუროს“.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.