პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, წარმატებული დიასპორელებისა და დიასპორელ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის, „საქართველოს“ წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართა.
„მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა, დიასპორასთან ურთიერთობა იყო. ამ მოწვევის პარლამენტში, ბექა ოდიშარიას ხელმძღვანელობით, კომიტეტმა მჭიდრო ხიდები გადო ჩვენს დიასპორასთან და ამას პირადად მეც ვგრძნობდი, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი სხვადასხვა ქვეყანაში – ყოველთვის იგრძნობოდა, რომ კავშირი პარლამენტსა და დიასპორას შორის დაკარგული არ იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც დიასპორას უდგას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დიასპორაში მყოფ ბავშვებს ეხება.
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მამულიშვილურ საქმეშია ჩართული. თითოეული ბავშვი, რომელიც არ ივიწყებს ქართულ ენას, ქართულ კულტურას, ქართულ დამწერლობას და რწმენას, მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ეროვნული საქმე. მინდა, ასევე, ხაზი გავუსვა ამ მხრივ ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს, რომლის საშუალებითაც უნდა შენარჩუნდეს სულიერი კავშირი საქართველოსა და დიასპორას შორის, ყველა საკუთარ თავს ქართულ ეკლესიის წიაღში უნდა ხედავდეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორულ ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის მეორე საქართველო და წარმატებული დიასპორელები საზღვარგარეთ ქართული იდეის განმახორციელებელი სასახელო ადამიანები არიან.
„ქართული სახელმწიფო ცდილობს, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს თქვენთან, ხელი შეგიწყოთ და სტიმული მოგცეთ, რათა აქტიურად იყოთ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის განვითარებაში. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც, თქვენ მიერ გაწეული ღვაწლის, თქვენი შრომის დაფასება და აღიარებაა! თითოეული თქვენი ინიციატივა იქნება ფასდაუდებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ ბევრი წარმატებული დიასპორელი ჰყავდეს. სწორედ თქვენ შეგიძლიათ, დიასპორაში სახალხო დიპლომატიის გააქტიურებით, სამეცნიერო, კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ და საინვესტიციო საქმიანობის სფეროებში თანამშრომლობით განავითაროთ ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ა(ა)იპ „დიასპორის სახლის“ ხელმძღვანელმა, ინა ასანიძემ, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ პრეზიდენტმა, ირინე ჯგერენაიამ და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, რუსუდან გალდავამ.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სამშობლოში დაბრუნებული დიასპორელები. წარმატებულ დიასპორელებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.