საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ კონკრეტულ ფაქტებთან და გამოწვევებთან ერთად, ვახტანგ გომელაური რისკებთან დაკავშირებით უფრო მეტ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას მიაწვდის დეპუტატებს.
„ვფიქრობ და ვხედავ საჭიროებას, რომ პარლამენტის წევრები იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატარებს. არის მთელი რიგი აქტუალური საკითხები, რომელზეც პარლამენტის წევრებს ობიექტური ინფორმაცია სჭირდებათ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თუკი ამ ინფორმაციის მიღების სურვილი გვაქვს, ის აუცილებლად დახურულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ, ვინაიდან შეიცავს მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ ეს ყველაფერი სამსჯელოა სესიის ფარგლებში. მე ასევე ვიცი, რომ ბატონ გომელაურს მოაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა გააცნოს ჩვენს კოლეგებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ვახტანგ გომელაურის მოსმენის ფორმატი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, ღია უნდა იყოს კითხვა-პასუხის ნაწილიც. ოპოზიციის წევრებს ვახტანგ გომელაურთან კითხვები აქვთ საზღვრების დემარკაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.
„გომელაურთან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს. მათ შორის ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას ემუქრება რუსეთიდან. საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგვრჩა ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ასევე გვექნება შეკითხვები იმ სავარაუდოდ შიდა უწყებრივ დაპირისპირებაზე, რომელიც არსებობს ხელისუფლებაში და რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს მოვისმინოთ განმარტებები. ასევე გვაინტერესებს პასუხები შეკითხვაზე, რაც უკავშირდება მაჩალიკაშვილის მკვლელობას ამავე კონტექსტში, რადგან ეს გამოუძიებელი მკვლელობაა მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ვახტანგ გომელაურს საქართველოს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან.