პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება.
თავდაპირველად, 09:30 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.
მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.
გასაუბრების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან.
კენჭისყრა შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართება: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.