პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ
პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უპასუხებს. მთავარი კითხვები, რომელსაც დეპუტატები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვამენ, მისი ბიოგრაფია და წარსული საქმიანობაა.
„ისევე როგორც სხვა კანდიდატებთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეკითხვები გვექნება როგორც მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მის წარსულ საქმიანობასთან და ბიოგრაფიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაისმება ყველა ის შეკითხვა, რომელიც გვაქვს პარლამენტის წევრებს”,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, 20-კაციანი სიის უმეტესობა უზენაეს სასამართლოში გამწესებას არ იმსახურებს. უმცირესობა გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.
„ეს პროცესი გვაჩვენებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა მოსამართლეთა შერჩევის კუთხით, რომ უდიდესი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. რაც შეეხება დღევანდელ შეკითხვას – რატომ არის საქართველოში სასამართლო სისტემა დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, არაფორმალურ მმართველობაზე, რატომ იყო ყოველთვის სასამართლო სისტემა ასეთი მორჩილი და რა მექანიზმები უნდა დაინერგოს, რომ მომავალში სასამართლო გათავისუფლდეს სხვადასხვა ფორმის ზემოქმედებისაგან. მათ შორის, არის თუ არა თავად მორჩილი მოსამართლე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გიორგი მიქაუტაძე 2012 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს.