პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებულ ორ კანონპროექტს უყრიან კენჭს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტის კენჭისყრა დღეს გაიმართება.
საუბარია ფრაქციების „ქართული ოცნებისა” და „ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებულ დოკუმენტებზე, რომელიც დეპუტატებმა სესიაზე გუშინ განიხილეს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს” კანონპროექტს, ის კანდიდატის წარდგენის უფლებას იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს ანიჭებს, რაც ოპოზიციური ფრაქციის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, კანდიდატთა გაცილებით ფართომასშტაბიან სიას უზრუნველყოფს.