პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობას შეისწავლის
საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობას შეისწავლის. ჯგუფის ხელმძღვანელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი იქნება.
სეფაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს, ის პრობლემები და ხარვეზები აღმოაჩინოს, რომლებიც არსებობს მოქალაქეთა აქტიურობის თვალსაზრისით, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების დაგეგმვაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
„ამ მიმართულებით სამართლებრივი მექანიზმები კარგად არის გაწერილი, მაგრამ აღსრულების თვალსაზრისით არის ხარვეზები. ხშირად მოქალაქეებს იმის განცდა არ აქვთ, რომ მათ მოუსმენენ, ან მათ არ იციან, როგორ და რა ფორმით ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. ჩვენი მიზანია, ეს ყველაფერი გამოვიკვლიოთ და რეკომენდაციები შევიმუშაოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტების დანერგვისთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.