საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ სახელმწიფოს ჩართულობის და შერიგების დეპოლიტიზებული, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებსა და მექანიზმებზე, მათ დახვეწისა და გაუმჯობესების ხედვებზე. ამჟამად მიმდინარეობს ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი და ჩვენ ვიმყოფებით დასკვნით ეტაპზე. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო ფორმატში ყველა აქტუალურ მიმართულებაზე მსჯელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული გადახედვის პროცესი მიზნად ისახავს არსებული რეალობისა და საჭიროებების შესაბამისად, ახლებური მიდგომების შემუშავებას, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის პოლიტიკას და გამყოფი ხაზით დაშორებული საზოგადოების შერიგების მიმართულებით არსებით პროგრესს მივაღწევთ. ამასთანავე, დღევანდელ სხდომაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამა განვიხილეთ, რომელიც უკავშირდება 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას და მათი ოჯახების თანადგომას. ეს მსჯელობა წარიმართა სწორედ ამ პროგრამის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდა, რომელსაც პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ერთობლივ სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა, განსახილველი საკითხის მიმართ დიდი ინტერესის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სხდომაზე მოვისმინეთ სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ასევე მოვუსმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას. ასევე რამდენიმე განცხადება გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. სხდომაზე სამშვიდობო ფონდის საქმიანობაზეც იყო საუბარი. გარკვეული დეტალები გავიარეთ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც კოლეგიალური მსჯელობა გაიმართა. ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგანაც ბევრი საინტერესო წინადადება მოვისმინეთ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.