პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა ხვალისთვის გადაიდო
პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა ხვალისთვის გადაიდო

საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა ხვალისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ოპოზიციის მიერ დღევანდელ სხდომაზე დაყენებული საკითხი გახდა, რომ საკითხის განხილვა ხვალ გაგრძელებულიყო.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, მათ მიერ დასმულ კითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე არ პასუხობდა და კითხვების იგნორირებას ახდენდა.

ოპოზიციის მიერ ამ საკითხის დაყენების შემდეგ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სხდომის გადადების შესახებ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ „თავდაცვის კოდექსი“ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია, ამ თემაზე არ უნდა იყოს „პოლიტიკური ფლანგირება“ და უმჯობესი იყო სხდომის ხვალისთვის გადადება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული „პოლიტიკური ტურბულენტობა“.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გია ვოლსკის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, თუმცა ისინი დაინტერესდნენ, ექნებოდათ თუ არა მათ საშუალება, კითხვები ისევ „თავდაცვის კოდექსის“ პირველ თავზე დაესვათ. ვოლსკიმ მათ განუმარტა, რომ მსჯელობა ხვალ ისევ პირველი თავიდან დაიწყება.

ამასთან, დღეს ოპოზიციის პრეტენზიის კიდევ ერთი საგანი იყო ის, რომ, მათი განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, „თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა წარიმართოს თავების შესაბამისად და არა მუხლობრივად. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება არაადეკვატურად მიიჩნია. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი მიზანია, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალონ და პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.

საქართველოს პარლამენტი თავდაცვის სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ცვლილებებზე მსჯელობა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე პროექტი მიღებული იქნება.