პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მეორე მოსმენით მსჯელობა კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მეორე მოსმენით მსჯელობა კამათის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსზე“ მეორე მოსმენით მსჯელობა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტეს, ერთი მხრივ, რატომ განიხილავს პარლამენტი ცვლილებებს რიგგარეშე სხდომის ფორმატში და, მეორე მხრივ, რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი განხილული იყოს თავების მიხედვით და არა მუხლობრივად.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ასეთი ფორმით კანონპროექტის განხილვას ადეკვატური ლეგიტიმაცია არ ექნება. მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონოდა საშუალება, კანონპროექტზე დეტალურად ემსჯელათ.

უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი მიზანია, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალონ და პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.

ამ დროისთვის პარლამენტში გამოცხადებულია რამდენიმეწუთიანი შესვენება. ამის მიზეზი გახდა ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი, რომ განხილვა ხვალისთვის გადაედოთ. როგორც თავად ამბობენ, მათი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ის ოპოზიციის კითხვების იგნორირებას ახდენს. ოპოზიციის წევრების თქმით, მისი მხრიდან ეს არის საპარლამენტო საქმიანობის და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის უპატივცემულობა.

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მომხსენებელს მოუწოდა, დეპუტატების კითხვებისთვის ეპასუხა, რამდენიმე წუთის წინ კი გია ვოლსკიმ, რომელსაც სხდომა მიჰყავს, სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.