პარლამენტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა გაიხსნა, რომლებიც სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს ეძღვნება.
გამოფენაზე – „ეს საერთო ტკივილია“ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების – შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის ნამუშევრები გამოიფინა. ფოტოები შეიარაღებული კონფლიქტის დროსაა გადაღებული და მათი უმრავლესობა საზოგადოებამ პირველად იხილა.
მეორე გამოფენაზე სახელწოდებით – „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“, წარმოდგენილი იყო აფხაზეთსა და უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდების ნახატები, რომელიც აფხაზეთის თემატიკას ეხება.
აღნიშნული ღონისძიებების ავტორები პარლამენტის დიასპორის, საგარეო საკითხთა კომიტეტები და შერიგებისა და თანასწორობის სამინისტრო არიან. შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტმა არც ქართველების და არც აფხაზების ინტერესების სასარგებლოდ არ იმუშავა, რადგან კონფლიქტს გამარჯვებული არ ჰყავს.
„ძალიან ტკივილიანი დღეა დღეს. გამოგონილ ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რამხელა ტკივილია და ეს ტკივილი დღემდე არ განელებულა. ისტორიისთვის 25 წელი შეიძლება ხანმოკლე პერიოდია, მაგრამ ერთი ადამიანისთვის ძალიან დიდი დროა. ბევრი ადამიანისთვის ამ 25 წლის განმავლობაში ყოველი დღე მტკივნეულია. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თავის სახლში ვერ ბრუნდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა, კარგ მდგომარეობაში არ არიან. დღეს არსებული სიტუაციით ყველანი ვზარალდებით, რადგან რუსული ოკუპაციის პირობებში ყველას იდენტობას საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე მხოლოდ გალელ ქართველებს არ ემუქრება, რომლებიც რუსიფიკაციის პროცესის გამო და რუსული პროექტის პირობებში განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთივე რეალური საფრთხის განცდა ბევრ აფხაზს აქვს და არსებული მდგომარეობის გამო სრულიად სამართლიანად არიან შეშფოთებული”, – განაცხადა ციხელაშვილი.