პარლამენტში სოფო კილაძის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა იწყება, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებას ეხება
საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა იწყება, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებას ეხება.
საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს, რათა განმეორებითი ძალადობა თავიდან მაქსიმალურად იქნას არიდებული.
ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება.
პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე პენიტენციური დაწესებულებიდან მსხვერპლის მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს ახორციელებს, მსხვერპლს საშუალება ექნება, პენიტენციური ან ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციისგან ზარების შეზღუდვა მოითხოვოს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გაუქმება მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე.
„ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს, მოძალადესთან ქონებრივი დავა ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
სოფო კილაძემ ცვლილებები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მოამზადა. ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები.