პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის აღსრულების მექანიზმები შესაძლოა, გამკაცრდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი განიხილავს.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის, რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, ჯამში სიახლე ოთხი მიმართულებით იგეგმება, მათ შორის, საუბარია სამშენებლო ნორმების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სხვადასხვა სახის სანქციის დაწესებაზე, ასევე, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების კლასები და მისი ადაპტირების წესები.

„გვაქვს ოთხი უმნიშვნელოვანესი სიახლე. ერთი ეს არის, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა იქნება სანქციით დასჯადი, მეორე მხრივ, აღსრულების მექანიზმებზე არის სიახლე. არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება გარდამავალ დებულებებში; ერთი ეს არის, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული სამშენებლო სტანდარტები და მეორე – ეროვნული მისაწვდომობის გეგმა. სანქციების ნაწილში ორი პრინციპით ვიხელმძღვანელეთ; ეს არის გეოგრაფიული არეალი და მშენებლობის კლასები ანუ მასშტაბები. არ შეიძლება სხვადასხვა კლასის შენობა-ნაგებობებზე ერთნაირი ხედვა ხორციელდებოდეს, ასევე – სხვადასხვა სტრატეგიის მნიშვნელობის მქონე ადგილებზე ერთი და იმავე პრინციპით ვუდგებოდეთ. ამიტომ, დავყავით გეოგრაფიული არეალის მიხედვით. შესაბამისად, სხვა მიდგომა გვაქვს თბილისში, სხვა მიდგომა გვაქვს მუნიციპალურ ერთეულებში და სხვა მიდგომა თვითმმართველ ქალაქებში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სანქციების დაწესების საჭიროებას იწვევს ის ფაქტი, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირების პროცესი ამჟამად ეფექტურად არ მიმდინარეობს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობით მომზადდა.

„დღეს შშმ პირებისთვის ადაპტირების პროცესი არ მიმდინარეობს ისეთი ეფექტურობით, როგორის ამბიციაც გაგვაჩნია. ამის ხელისშემშლელი ფაქტორები არის ის, რომ აღსრულების მექანიზმებში გვაქვს სერიოზული ხარვეზები მოქმედ კანონმდებლობაში და ამასთან, სტანდარტები, რომლის მიხედვითაც, მშენებლები ხელმძღვანელობენ, არ მოდის ჰარმონიზაციაში უნივერსალური დიზაინის პრინციპებთან. ამიტომ, ეს საკითხები არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საკითხის სავალდებულო კომიტეტებზე განხილვა დღეს დასრულდება, რის შემდგომაც ინიციატივას წამყვანი – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.