პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარეს ელოდებიან.
დავით ნარმანია საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის წლიურ ანგარიშს წარუდგენს. დეპუტატები გასულ წელს ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნობიან.
მოხსენებაში აქცენტირებული იქნება ბუნებრივი აირის სექტორში უსაფრთხოების საკითხები, ასევე, რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები და წყალმომარაგების სექტორში აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშს ასევე წარადგენს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. ანგარიშში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა აისახება.
„ფაქტობრივად, ეს იქნება პანდემიური წლის შეჯამებაც, ერთგვარი სიახლე, რადგან ჩვენ 2020 წლის მარტიდან გადავეწყვეთ ახალ სტილზე და დღემდე გვიწევს მუშაობა ამ შეზღუდულ რეჟიმში. ასე რომ, ეს იქნება ერთგვარი სიახლეც და აქტივობების წარმოდგენა მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის, რაც 2020 წელს განვახორციელეთ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ასევე იგეგმება მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც სრულად იქნება საუბარი განხორციელებულ მონიტორინგზე და იმ რეგულაციებზე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში იყო აქტუალური. წყალმომარაგების სექტორი, რომელიც 2020 წელს იყო ლიდერი, როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც, განსაკუთრებით რეგიონული თემა იქნება განხილული, ბაკურიანისა და გუდაურის; ასევე, ბუნებრივი აირის სექტორში არსებული გამოწვევები, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება და ეს არასოდეს დაკარგავს აქტუალურობას; ელექტროენერგეტიკის სექტორი, რომელიც ასევე აქტუალურია რეგიონებში იმ მხრივ, რომ აქ არ მიეწოდებათ სათანადო მომსახურება. მომხმარებლები მუდმივად მიუთითებენ ძაბვის ცვალებადობაზე, არასრულ გრაფიკებზე და ასე შემდეგ. ასევე, იქნება წყალმომარაგების სექტორში დედაქალაქის მასშტაბით აღრიცხვიანობის თემატიკა. ძალიან ბევრი პრეტენზიაა, მომხმარებლებს აქვთ საჩივარი იმის თაობაზე, რომ მათი მრიცხველიდან არ იღებენ ანათვალს, ეს პრობლემები და თანხები მუდმივად გროვდება“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.