პარლამენტში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის.
დოკუმენტი არეგულირებს საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, კანონპროექტის მიზანია, უვიზო მიმოსვლის პროცესში საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნათ.
„კანონპროექტის შემუშავების მიზანია, უვიზო მიმოსვლის პროცესში არ შეიქმნას რაიმე საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის და დაცული იყოს ეს სიკეთე, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გადაადგილების უფლებით. აი ამ სიკეთის შენარჩუნებისთვის არის შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც იცავს მოქალაქეებს, რომ ისინი არ აღმოჩდნენ რაიმე უკანონო მოქმედების მსხვერპლნი.
ეს პროექტი არის მიმართული იქეთკენ, რომ არ მოხდეს ორგანიზებული ჯგუფების მიერ ყალბი დოკუმენტებისა და ყალბი მონაცემების შეგროვების მიზნით, ისეთი პირობების შექმნა, რომელიც სხვა ქვეყანაში პირის უკანონოდ დატოვებას შეუწყობს ხელს.
ეს პროექტი არ არის მიმართული ემიგრაციაში მყოფი პირებისთვის და არ ეხებათ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ცვლილებები ემსახურება საფრთხეებისა და რისკების დაზღვევას, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სხვა ქვეყანაში გადაყვანა, რითაც უვიზო მიმოსვლის სიკეთეს საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.