პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სუს-ის თანამშრომლებს მოუსმენენ.

ჯგუფის ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იქნება, მომხსენებელი კი, უწყების ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი საბედაშვილი. განხილვის მთავარი თემა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესებია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტის წევრები ადგილზე გადაწყვეტენ, დაიხურება თუ არა სხდომა. ირაკლი ბერაიას თქმით, დეპუტატებს კითხვები როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, ისე ცხინვალში შექმნილ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ექნებათ.

„მოწვეული გვყავს სუს-ის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღებით ვაკვირდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს და შესაბამისად, ეს მოსმენაც დაეთმობა იქ არსებული ვითარების განხილვას.

რაც შეეხება, იქ მიმდინარე პროცესებს, საფრთხის შემცველია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. მიმდინარეობს ამ ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, არის ძალიან რთული ვითარება შექმნილი ჰუმანიტარული კუთხითაც და ჩვენთვის მთავარია მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი დაცულობა. გვექნება კითხვები, რომლებსაც დავუსვამთ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და ველოდებით პასუხებს იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ბერიამ.

როგორც ცნობილია, გაერთიანებულ სხდომას არ ესწრებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ევროპული საქართველო“. ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას განაგრძობენ.