პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ დღეს პარლამენტში. დოკუმენტს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ნომერ პირველი პრობლემა კვლავ რუსული ოკუპაცია და მისგან გამოწვეული შედეგებია, როგორიც არის უკანონო ბორდერიზაცია და მოქალაქეების უკანონო დაკავებები.
დოკუმენტში ასევე საუბარია კონვენციულ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ირაკლია ბერაიას განმარტებით, სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეგზისტენციალური პრობლემების წინააღმდეგ.
„ეს არის ძალიან საინტერესო დოკუმენტი. მასში ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები 2020 წელს, ამ საფრთხეებისა და გამოწვევების სხვადასხვა სახის გამოვლინებები, როგორც კონვენციული, ასევე ჰიბრიდული თვალსაზრისით. რუსული ოკუპაცია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მთავარი ეგზისტენციალური ხასიათის გამოწვევა. ოკუპირებული არის ჩვენი რეგიონები, გრძელდება მათი მილიტარიზაცია. ოკუპაციით გამოწვეული სხვა პრობლემები, როგორიც არის ბორდერიზაციის უკანონო შემთხვევები, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გადასასვლელების ჩაკეტვა, ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, რაც, რა თქმა უნდა, არის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემა და ოკუპაციის შედეგი. ანგარიში იმსახურებს მაღალ შეფასებას, ისევე, როგორც მაღალ შეფასებას იმსახურებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ სამსახური მოქმედებდა ეფექტიანად ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ. ანგარიშში ხაზგასმულია ის ნაბიჯები, რომლებსაც სამსახური დგამდა როგორც კონტრდაზვერვის, ასევე კონრტერორისტული და ანტიკორუფციული მიმართულებებით. სამსახურის საქმიანობას ასევე აღიარებენ და ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ასახული არის მათ დასკვნებში, ანგარიშებში, განცხადებებში. ბუნებრივია, ჩვენც უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 14 აპრილის შევიდა.