საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა დღეს არის ჩანიშნული.
სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, ნინო ლომჯარია N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. მოგვიანებით კი ანგარიშში ასახულ საკითხებზე თეა წულუკიანი ისაუბრებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა აქტუალური საკითხის განხილვა მოხდეს და არსებულ კითხვებს პასუხის გაეცეს.
„მოსმენა მოითხოვა სახალხო დამცველმა, როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულმა ორგანომ და ასევე, მოითხოვა პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მოსმენა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე მათგანის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და გვექნება პირველ რიგში, ქალბატონი ლომჯარიას მოსმენა, შემდეგ ქალბატონი თეა წულუკიანის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს ამ საკითხების განხილვა, მით უფრო, როდესაც იყო გარკვეული ცალმხრივი ბრალდებები არასამთავრობო სექტორის ნაწილისგან და ასევე, ომბუდსმენმაც გარკვეულ საკითხებზე მოახდინა აპელირება. ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს და დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სისტემის ის რეფორმა, რომელიც დავიწყეთ 2012 წლიდან, გრძელდება დღემდე. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან მოთავსებულნი სასჯელაღსრულების სისტემაში და თუ ზოგად სიტუაციას შევხედავთ, ცალსახად ვხედავთ გაუმჯობესებას, ცალსახად ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებები რეალურად არის დაცული. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება იუსტიციის სამინისტროს პოზიცია. პენიტენციური სისტემის რეფორმა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.