პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს უსმენენ.
სხდომის დაწყებამდე, გიორგი ფოფხაძემ საკუთარ გეგმაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებები იქნება – „შრომის კოდექსი“, მძიმე სოციალური ფონი და მასზე მუშაობა, რელიგიური და ნებისმიერი უმცირესობების, ასევე უმრავლესობების დაცვა.
„ვნახოთ, ჩემი წინადადებები რამდენად იქნება მისაღები პარლამენტისთვის, რადგან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. ფაქტობრივად, ეს დრო თვითმფრინავში გავატარე. უმრავლესობაში არავისთან დამირეკავს და არ მიკითხავს, ჩემი მხარდამჭერი იქნებიან თუ არა. 48 საათია, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და აქედან 24 საათია ჰაერში ვარ. ჩემი წინადადებები და პროგრამა თვითმფრინავში გავაკეთე. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ჩემს კანდიდატურას გაითვალისწინებს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.
ფოფხაძემ საკუთარ კონკურენტ ნინო ლომჯარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელოდა, მმართველი გუნდი ისეთ კანდიდატურას დააყენებდა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა.
„აღმოჩნდა, რომ წარდგენილი კანდიდატი ყველასთვის მისაღები არ არის. მმართველ გუნდს და ბევრ ადამიანს შევახსენებ, რომ ევროსტრუქტურებში მათი საქმეები მიტანილი სწორედ გიორგი ფოფხაძის მიერ იქნა. თუნდაც, მამუკა მდინარაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის. მმართველ გუნდს ევროსტრუქტურებში ჩემს მიერ მოწყობილ ყველა შეხვედრას შევახსენებ. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და აქ იმისთვის არ ვარ მოსული, რომ ჩემი კონკურენტი „გავაპრავო“. შევეცდები, ჩემი პოზიცია დავიცვა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. რაც შეეხება ლომჯარიას, მას არ ვიცნობ და ჩემს კონკურენტზე ვერ ვისაუბრებ. მიმაჩნია, რომ კონკურენტზე კარგის ან ცუდის თქმა მისაღები არ არის“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძემ საკუთარი პოზიცია საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა-არარსებობის თაობაზეც დააფიქსირა.
„პოლიტპატიმრის დეფინიცია რა არის, არ ვიცი. თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად აღიარებენ, როგორც ნორა კვიციანს, მაშინ ჩავთვლით, რომ ის პოლიტპატიმარია. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ლალი მოროშკინასთან ერთად, სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მისი საკნიდან გაყვანის ფაქტი დავგმე“, – დასძინა ფოფხაძემ.
პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭს დღევანდელ სხდომაზე უყრის. მათ თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.