პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კიდევ ოთხ კანდიდატს მოუსმინეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს მოუსმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტს 19 კანდიდატურა წარედგინა.
„ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, კანდიდატებთან ანბანური თანმიმდევრობით გვექნება გასაუბრებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელმა, ლელა გაფრინდაშვილმა საკუთარ ბიოგრაფიასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მიუღებელია რანჟირება და სეგრეგაცია. „ყველა ადამიანს აქვს ყველა უფლება“, – აღნიშნა ლელა გაფრინდაშვილმა.
სახალხო დამცველობის კანდიდატმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორმა, სოფიო დემეტრაშვილმა საკუთარი ბიოგრაფიის პრეზენტაციისა და ხედვებზე საუბრის შემდეგ, სახალხო დამცველის წინაშე გამოწვევებზე გაამახვილა. მისი თქმით, სახალხო დამცველს აქვს ვალდებულება, წარადგინოს ანგარიში პარლამენტის წინაშე და გასცეს რეკომენდაციები. „გაცემულ რეკომენდაციებს არ აქვს სათანადო ძალა. თუ იქნება რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც პარლამენტი არ ან ვერ ითვალისწინებს, ეს აუცილებლად უნდა განემარტოს საზოგადოებას, რადგან პარლამენტი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული“,- განაცხადა სოფიო დემეტრაშვილმა.
სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თინათინ ერქვანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველი იყოს დიდი გამოცდილების მქონე როგორც სამეცნიერო, ისე ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის თვალსაზრისით.
„ის უნდა იყოს არა მხოლოდ აქტივისტი, არამედ უნდა შეძლოს ვარირება პოლიტიკურ სივრცეში, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ“, – განაცხადა თინათინ ერქვანიამ.
დეპუტატებმა ასევე მოუსმინეს სახალხო დამცველობის კანდიდატს, ევგენია მიქელაძეს. კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება პაციენტთა უფლებებს დაუთმო. ევგენია მიქელაძემ სახალხო დამცველის მოქმედი ინსტიტუტის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სახალხო დამცველს აღსრულების თვალსაზრისით არასრული ბერკეტები აქვს.
„სახალხო დამცველის აღსრულების მიმართულებით არასრული ბერკეტების ფლობა არის ის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე, რაც ამ კონსტიტუციურ ორგანოს აქვს“, – განაცხადა სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ევგენია მიქელაძემ.
სახალხო დამცველობის თითოეულმა კანდიდატმა ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისა და უფრაქციო დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა.
ომბუდსმენის თანამდებობის 19 კანდიდატურიდან, პარლამენტმა ჯამში შვიდ კანდიდატს მოუსმინა. კანდიდატების მოსმენა 29 ოქტომბრის, შაბათის ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.