პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ სამი კანონპროექტის განხილვა 15 მარტს დაიწყება
პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ სამი კანონპროექტის განხილვა 15 მარტს დაიწყება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ახალ კრიტერიუმებს ადგენს. საკანონმდებლო ცვლილებებს პირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რომელიც მიმდინარე კვირის პარასკევს არის ჩანიშნული. კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებულ პროექტზე, ასევე ეკა ბესელიასა და 13 კანონმდებლის მიერ ინიცირებულ ცვლილებებსა და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება. კერძოდ, პროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიიღება კი შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება.
ცვლილებებით, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე კონკურში ჩართვის უფლება ექნება, სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.
ინიციატივით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.
ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის.
რაც შეეხება ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს, კანდიდატების დასახელება კი საჯაროდ. ასევე პროექტით კონკრეტდება, რომ მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ან ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის ერთი წელი. ასევე ეკა ბესელია დამატებით კრიტერიუმებად განსაზღვრავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის, მოსამართლეობის კანდიდატი იყო თუ არა იმ საქმის მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების მიმართ. ასევე, ცვლილებებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება უნდა მოხდეს.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პროექტს, ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, პარლამენტისთვის წარსადგენად საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაასახელოს.
თუ დასახელებული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი) აკმაყოფილებს, პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება.
ამასთან, ცვლილებებით, საბჭოს უფლება ექნება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი უნდა აირჩიოს. უმრავლესობა განმარტავს, რომ ეს პროცესი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.