პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ცესკო-ს ხელმძღვანელობა.
სხდომაზე ორგანიზაციების რეკომენდაციების წარდგენა და განხილვა მოხდება.
ახალი საარჩევნო რეფორმის ინიცირება 8 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებები სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და მისი გადაგზავნა იგეგმება ეუთო/ოდირში.
საარჩევნო ცვლილებებით ახლებურად დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე. ცესკო 17 წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან რვა პროფესიული ნიშნით აირჩევა, ცხრა წევრს ის პარტიები წარადგენენ, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და თითო პარტიას თითო წარმომადგენელი ეყოლება.
ინიციატივით უცვლელია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. ცესკო-ს ხელმძღვანელს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკო-ს წევრთაგან პრეზიდენტის წარდგინებით ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით აირჩევს.
კანონპროექტით ვალდებულება ჩნდება 365 საარჩევნო უბნის გადათვლის. კერძოდ, პროექტით, უბნების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ის გადათვლა უნდა მოხდეს. ამ გადათვლასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იქნება, განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ. ამასთან, ცვლილებების თანახმად, ფართოვდება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არ მქონე პირთა წრე.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების თვალსაზრისით ახალ ცვლილებებს, პროექტით, თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის, ხოლო თვითმმართველ თემში ორი ერთზე თანაფარდობით.