გივი მიქანაძე - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ფაქტობრივად შეჯერებულია პოზიციები, თუმცა რიგ საკითხებზე კოლეგა ოპოზიციონერებისგან დამატებით კონკრეტულ პოზიციებს ველოდებით
გივი მიქანაძე - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ფაქტობრივად შეჯერებულია პოზიციები, თუმცა რიგ საკითხებზე კოლეგა ოპოზიციონერებისგან დამატებით კონკრეტულ პოზიციებს ველოდებით

მომდევნო ორშაბათს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ორ კანონპროექტს – საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს მოიცავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პაკეტის განხილვა 3 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

„ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დავიწყებთ ორშაბათს. პლენარული სხდომის კვირაში, ორშაბათს განვიხილავთ ჩვენ. მომდევნო კვირას, ბიუროს უკვე ექნება შესაძლებლობა ეს საკითხი შეიტანოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ისე, რომ ჩვენ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ამის შემდგომ გავაგზავნოთ უკვე ვენეციის კომისიაში მოსაზრებებისთვის. ამიტომ, ჩვენ მომდევნო კვირას პრაქტიკულად შეგვიძლია, პირველი მოსმენით მხარი დავუჭიროთ შემოთავაზებულ ცვლილებებს. წუხილები იყო ხოლმე, თითქოს, კომიტეტებზე ხელოვნურად ხდება შეფერხება კონკრეტული ინიციატივების, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის დაინიცირებული. ოთხშაბათს გვექნება კომიტეტის სხდომა, სადაც ბატონი დავით უსუფაშვილი არის ავტორი და ინიციატორი ერთი საკანონმდებლო ცვლილების, განვიხილავთ ამ საკითხს. ასევე ბატონი იაგო და მისი კოლეგები არიან ავტორები ერთ-ერთი საკანონდებლო ინიციატივის. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა მოგვწერა ოფიციალურად წერილი, რომ მართალია მათი საკითხი ჩასმულია, მაგრამ ვერ ახერხებენ მოსვლას, შესაბამისად ამ საკითხის გადადება მოგვიწევს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, იმ პაკეტზე, რომელიც იურიდიული კომიტეტის სახელით არის  დაინიცირებული, ფაქტობრივად, პოზიციები შეჯერებულია, თუმცა რიგ საკითხებთან მიმართებაში ოპოზიციონერებისგან დამატებით კონკრეტულ პოზიციებს ელოდებიან.

„ეს არის ფართო სპექტრის შემცველი კანონპროექტი. ოპოზიციის ნაწილი ჩართული იყო სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც გამომდინარეობდა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან. იმ პაკეტზე, რომელიც დაინიცირებულია იურიდიული კომიტეტის სახელით და პირველი მოსმენით უკვე ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე იურიდიული კომიტეტის ფარგლებში განვიხილეთ, ფაქტობრივად, არის შეჯერებული პოზიცია, თუმცა რიგ საკითხებთან მიმართებაში კოლეგა ოპოზიციონერებისგან ველოდებით დამატებით კონკრეტულ პოზიციებს, გარკვეული საკითხების დამატებით საგარანტიო მექანიზმების ჩართვასთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა საკითხზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის საფუძველზეც მოგვეცა შესაძლებლობა რომ ეს ფართო სპექტრის ამსახველი კანონპროექტი დაგვეინიცირებინა. რა თქმა უნდა, ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის და რეგისტრაციის თემები არის წამყვანი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ამ რეფორმის ნაწილი, იქ არის ბევრი სხვა საკითხი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან არის, მარკირების წესებთან, გარკვეულ შეზღუდვებთან კომისიის წევრების და სხვადასხვა თემები, რომელსაც უკვე საკომიტეტო მოსმენაზე დეტალურად გავივლით“, – განაცხადა მიქანაძემ.