პარლამენტში რომან კაკულიას ანგარიშის მოსმენისას სხდომის წამყვანმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა 
პარლამენტში რომან კაკულიას ანგარიშის მოსმენისას სხდომის წამყვანმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა 

ხმაური იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშის მოსმენისას. სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს სიმშვიდისაკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

„კოლეგებო, ძალიან გთხოვთ, აბსოლუტურად არც არაფერი ისმის და ნუ გადავაქცევთ ახლა ამ ანგარიშის მოსმენას, რაღაც სასაცილო წარმოდგენად. ძალიან გთხოვთ, ჩუმად იყავით და მოვუსმინოთ კოლეგას“, – მიმართა გია ვოლსკიმ დეპუტატებს.

მოსმენა და კითხვების დასმა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამაც სთხოვა.

„გასაგებია, რომ დისკუსია მიმდინარეობს ჩემ მიერ შემოთავაზებული კანონების შესახებ ვგრძნობ ამას თქვენი ტექსტებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა დაიხვეწეთ და თუ შეიძლება შეკითხვების სახით გამოხატეთ, ძალიან ნუ დავძაბავთ ურთიერთობას“, – მიმართა რომან კაკულიამ პარლამენტარებს.

რომან კაკულიამ ანგარიშის წარდგენა განაგრძო, თუმცა ხმაურის გამო სხდომის წამყვანმა სიტყვა კიდევ ერთხელ გააწყვეტინა, კოლეგებს უკვე სახელებით მიმართა და ანგარიშის მოსმენისაკენ მოუწოდა.

„ბატონო მერაბ, ბატონო მერაბ ქვარაია, ძალიან გთხოვთ, ბატონო ირაკლი, ბატონო რომან დაბრძანდით თუ შეიძლება, რა ხდება რამდენჯერ უნდა ვთქვა, რაღაც უცნაური ის არის, ხომ იცით, მარტო ერთ-ორ კაცს აინტერესებს ვერ გავიგე?ძალიან გთხოვთ რა. ბატონო ბექა,ბატონო ბექა,გთხოვთ რა მოვუსმინოთ ანგარიშს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მოწოდების შემდეგ რომან კაკულიამ ანგარიშის წარდგენა გააგრძელა, თუმცა რამდენიმე წუთში დაასრულა და აღნიშნა:„ასეთი აქტიურობა ან ძალიან კარგი რამის მანიშნებელია, ან ძალიან ცუდის. ყოველ შემთხვევაში გავაკეთოთ ამის ანალიზი ერთობლივად“, – აღნიშნა კაკულიამ.