პარლამენტში რიგგარეშე სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გახსნა.
რიგგარეშე პლენარული სხდომა 12:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე ვერ იწყებოდა.
კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად ხმაური იყო პარლამენტის შესასვლელთან. მედიაორგანიზაციებისა და საპროტესტო აქციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. ამასთან, პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებზე საშვები დაშვებული იყო. მოგვიანებით, ხმაური და დაპირისპირება გაგრძელდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურა დაიწყოს.