პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო
პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

„რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა. 2 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწია საკუთარი სახლ-კარის და სამშობლოს დატოვება, თუმცა ყველაზე სულისშემძვრელი ის ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიებია, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. დღეს აქ არ იმყოფება უკრაინის ელჩი, რომელიც გაწვეულია, თუმცა ჩვენ მოვიწვიეთ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მინდა, პარლამენტის სახელით გადავცე მას ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და სხდომის დაწყებამდე გთხოვოთ პარლამენტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საელჩოს წარმომადგენელ ანდრეი კასიანოვთან ერთად შევიდა.