პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის თარიღი ირაკლი კობახიძის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ შედგება.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, პრეზიდენტის ადმიისტრაციასა და პარლამენტს შორის საკითხზე კონსულტაციები ამ დრომდე არ გამართულა. დეპუტატის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა კანონმდებლობის დაცვით მოხდება.
“ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი როგორც კი დასრულდება, ჩვენსა და პრეზიდენტს შორის თარიღზე შეთანხმება მოხდება. ანგარიშის წარდგენის თარიღზე საჭიროა შეთანხმება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია, მხარეებმა თარიღი განიხილონ, როდის მოხდება პტეზიდენტის მოსმენა”, – განაცხადა თალაკვაძემ.